თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა, იუწყება „პირველი არხი".
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცათ, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში ავარიულ შენობებში ცხოვრობდნენ.
სოფლის ტიპის დასახლება დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა დაათვალიერეს.
„მოსახლეობას გადავეცით 31 სახლი, რომელთაც აქვთ ასევე საკუთარი მიწის ნაკვეთი. ამ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობა განახორციელონ. ეს ადამიანები ასევე ჩართული არიან დასაქმების კომპონენტშიც“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჰუბერტ კნირშის განცხადებით, გერმანიის დახმარებით საქართველოში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენება მომავალშიც გაგრძელდება.
ახალი სოფლის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობაც იგეგმება, რომელიც 60 ბავშვზე იქნება გათვლილი.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს – „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ – საქართველოსა და გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.