ნანგრევებში მოყოლილი 2 წლამდე ბავშვი კლინიკიდან გაწერეს – ვრცელდება ფოტო

Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი ბავშვი კლინიკიდან გაწერეს. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დედა-შვილის გულის ამაჩუყებელი ფოტო გავრცელდა – წლისა და სამი თვის იოანე ბათუმში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს.
ირკვევა, რომ ბავშვი მამასთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა კორპუსთან, რომელიც ჩამოინგრა. მათი გამოყვანა მაშველებმა და ადგილობრივებმა დაახლოებით 40 წუთის შემდეგ შეძლეს. ბავშვს ფეხი აქვს ნაღრძობი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დღეს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო. ტრაგედიის რეალურ მიზეზს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.