2021 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში ტანზანიელ მწერალს გადაეცა

მედიცინის, ფიზიკის, ქიმიისა და ლიტერატურის გარდა, ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდებიან ეკონომიკისა და მშვიდობის დარგში.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ლიტერატურაში 2021 წლის ნობელის პრემია ტანზანიელ ნოველისტს, მწერალ აბდულრაზაკ გურნას (Abdulrazak Gurnah) გადაეცა.
პრემია მას აფრიკის კონტინენტზე კოლონიალიზმის შედეგებისა და ლტოლვილების ბედზე მისი გავლენის უკომპრომისო და თანაგრძნობით სავსე გააზრებისთვის გადაეცა.
ნობელის კვირეულმა სტარტი ორშაბათს, 4 ოქტომბერს აიღო. ტრადიციულად, პირველად დასახელდა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ლაურეატები – ამერიკელი დევიდ ჯულიუსი და არდემ პატაპუტიანი. პრემია მათ მიენიჭათ „სითბური და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისთვის“. სამშაბათს ცნობილი გახდა ფიზიკის დარგში ლაურეატები – სიუკურო მანაბე, კლაუს ჰასელმანი და ჯორჯო პარიზი, რომელთაც პრემია „რთული ფიზიკური სისტემების გაგებაში შეტანილი ნოვატორული წვლილისთვის“ გადაეცათ. ოთხშაბათს ცნობილი გახდა ქიმიის დარგში ლაურეატები – ბენჯამინ ლისტსა და დევიდ მაკმილანს პრემია ასიმეტრიული ორგანოკატალიზის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.
2020 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ამერიკელმა პოეტმა ლუიზა გლუკიმ მიიღო „უშეცდომო პოეტური ხმისთვის, რომელიც მარტივი სილამაზით ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურს ხდის“.
ნობელის პრესტიჟული პრემია გაიცემა მიღწევებისთვის მეცნიერებაში, ლიტერატურასა და მშვიდობის განმტკიცებაში.
მედიცინის, ფიზიკის, ქიმიისა და ლიტერატურის გარდა, ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდებიან ეკონომიკაში (11 ოქტომბერს) და მშვიდობის დარგში (8 ოქტომბერს). პრემია მისი დამფუძნებლის ალფრედ ნობელის სახელს ატარებს.
მოსალოდნელია, რომ ლაურეატების დაჯილდოება 10 დეკემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება. ნობელის მედლების გარდა, პრემიის ლაურეატები ერთობლივად 10 მილიონ შვედურ კრონს (დაახლოებით 1,2 მილიონი აშშ დოლარი) მიიღებენ.