თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. იმუნიზაციის საბჭომ მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ-დოზის გამოყენებას გარკვეულ შემთხვევებში მხარი დაუჭირა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, ბუსტერ-დოზის გაკეთება შეუძლიათ 50 წელს გადაცილებულ პირებს, ასევე ნებისმიერი ასაკის იმ პირებს, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და მაღალი რისკის პროფესიის მქონე ადამიანებს, მაგალითად, სამედიცინო პერსონალს, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრებ პირებსა და იქ დასაქმებულ თანამშრომლებს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. ის კეთდება მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ როგორც კოვიდ-გადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, რადგან ანტისხეულები თანდათან იკლებს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.844.965 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 995.019 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,0%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 849.946 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,8%. 6 ოქტომბერს აიცრა 7.815 ადამიანი.