თიანეთში 81 წლის მამაკაცმა შვილი მოკლა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში 81 წლის მამაკაცმა შვილი მოკლა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა მამაკაცი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, მამაკაცმა შვილს სასიკვდილო ჭრილობები გულისა და მუცლის არეში დანით მიაყენა. 59 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
ახლობლების განცხადებით, შემთხვევის დროს მამა-შვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რომელიც ყოფით ნიადაგზე დაიწყო.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 111–109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.