თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. სააკაშვილთან არ შეაქვთ არც წიგნები, არც ამანათები, განაცხადა მისმა ადვოკატმა, ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე დღეს ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მან შიმშილობა გამოაცხადა.
„ეს არის დანაშაულის ჩადენა. ადამიანთან არ შედის არაფერი, ტელევიზორზე მოგეხსენებათ, ზარებზე მოგეხსენებათ, წიგნებიც კი არ შეაქვთ უკვე მესამე დღეა, ამას გარდა მას სჭირდება მნიშვნელოვანი ნომენკლატურა, რომელიც არ არის ციხის მაღაზიის ნომენკლატურაში, ჩვენ ეს მოგვაქვს გადაცემისთვის, მათ შორის საამანათო გადაცემისთვის და არაფერი შეაქვთ მასთან. სამაგიეროდ, იმ წამსვე შეუტანეს სეფისკვერები. ადამიანის წამებაა, როცა ის შიმშილობს და პურს უდგამ წინ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გარდა ამისა, გვარამიამ აღნიშნა, რომ მას ოჯახის წევრებთან პაემნის უფლებას არ აძლევენ.
„სააკაშვილის ყველა უფლება ციხეში ირღვევა“, - განაცხადა გვარამიამ.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.