გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორც პოლიტიკოსი ამბობს, მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული აქვს.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ქალაქ ფოთის მერობის კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციიდან, გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას პოლიტიკოსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
უგულავას თქმით, ის საარჩევნო კამპანიას ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ 10 დღეში ვირუსს დაამარცხებს და ისევ შეძლებს მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას.

„დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს 10 დღეში დავდგები ფეხზე. არც ერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება. ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში“, – წერს უგულავა.

ქალაქ ფოთში, ისევე, როგორც სხვა დიდ ქალაქებში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი და ფოთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გიგი უგულავა გაეჯიბრებიან.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კორონავირუსი პოლიტეშელონებში: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ინფიცირებულია
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბათუმის მერობის კანდიდატს არჩილ ჩიქოვანსაც.