COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: გვექნება ძალიან რთული ნოემბერი, ამას მხოლოდ ვაქცინაცია შეაჩერებს

გამყრელიძემ ქვეყანაში გრიპის სეზონის მოახლოებასა და მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა. მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია, ამ პროცესს კი მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, გასულ ორ კვირასთან შედარებით, ბოლო დღეებში ინფიცირების ახალი შემთხვევები იზრდება, რაც ძალიან საყურადღებოა.
„ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველა მაჩვენებელი იკლებდა. მიუხედავად ამისა, გასულ კვირებთან შედარებით გვაქვს დაახლოებით 300 ერთეულით მეტი ახალი შემთხვევა. ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვის აცრიან ე.წ. ბუსტერ-დოზით: იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება
გამყრელიძემ ბოლო პერიოდში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე ისაუბრა, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის აუცილებლობას და მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა მომავალ თვეებში მოსალოდნელ საფრთხეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ თვეებში კორონავირუსს გრიპის ვირუსიც დაემატება და მოსახლეობამ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„ახლა მოდის ცივი სეზონი და მოვა სხვა რესპირაციული ვირუსებიც. ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება გრიპი და უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, წლევანდელი – ტვინდემია. ტვინინგი არის დატყუპება. ამ ორი ინფექციის, გრიპისა და კორონავირუსის ტვინდემია კი ძალიან საყურადღებოა. ქვეყანაში დღეს გვაქვს იმუნური ფენა დაახლოებით 50-55 პროცენტის ფარგლებში. თუ ეს არ იქნება დაახლოებით 80 პროცენტი, ანუ გადატანილი ან აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. ბოლო პერიოდამდე 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეეძლოთ, თუმცა ამჟამად მის პირველ დოზაზე რეგისტრირება ჯერჯერობით შეჩერებულია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.844.965 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 995.019 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,0%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 849.946 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,8%. 6 ოქტომბერს აიცრა 7.815 ადამიანი.