არჩევნები 2021

სამტრედიაში საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა

აქციის რამდენიმე მონაწილე და ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სამტრედიაში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქცია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მომხრეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო კომისიის შენობასთან არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. მათი თქმით, ამ დროს ადგილზე გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე თბილისის მერის კახა კალაძის მამის კარლო კალაძის ავტომობილი გამოჩნდა, რამაც ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.
თვითმხილველების თქმით, მმართველი პარტიის მომხრეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს არა მარტო ოპოზიციის მომხრეებს, არამედ ჟურნალისტებს.
ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია შეეცადა. აქციის რამდენიმე მონაწილე და ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.