პენსიების მორიგი ზრდა საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან არის დაგეგმილი

ამჟამად საქართველოში ასაკობრივი პენსია ეკუთვნით ქალებს 60 წლიდან და მამაკაცებს 65 წლიდან.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. პენსიების ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ასაკობრივი პენსიები საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან გაიზრდება, ნათქვამია ქვეყნის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
პენსიების ინდექსაციის წესი მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ახლა ის ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის გაიზრდება ინფლაციის, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით. ინფლაციის პროგნოზია 6,4%-ის დონეზე, ხოლო რეალური ეკონომიკური ზრდა 2020 წლის ოთხი კვარტლისა და 2021 წლის ორი კვარტლის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულით გათვლილია 0,35%-ის დონეზე.
შესაბამისად, ახლა 70 წლამდე პენსიონერები მიიღებენ 20 ლარით მეტ პენსიას – 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერები – 25 ლარით მეტს, 300 ლარის ოდენობით.
საპენსიო უზრუნველყოფისთვის საქართველოს ბიუჯეტში დაახლოებით 2,9 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
ამჟამად საქართველოში ასაკობრივი პენსია ეკუთვნით ქალებს 60 წლიდან და მამაკაცებს 65 წლიდან. ბოლო მონაცემებით, საქართველოში პენსიას იღებს დაახლოებით 793,5 ათასი ადამიანი, აქედან 70 წელს ზემოთ 418,1 ათასია.