თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიასა და მისი პარტიის გადაწყვეტილება – არჩევნების მეორე ტურში მხარი არ დაუჭიროს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ კანდიდატს, კენჭისყრის შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს, მიაჩნიათ ექსპერტებს.
გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს და მეორე ტურში მონაწილე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ არ დაუჭერს მხარს. ყოფილი პრემიერის პარტიამ არჩევნებში პროპორციული სისტემით ხმების 7,8%-ით მესამე ადგილი დაიკავა.
„ეს ჯერ კიდევ ის ძალა არაა, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური მოვლენების მსვლელობაზე გავლენა მოახდინოს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა დემურ გიორხელიძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.
ექსპერტის თქმით, მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მის მთავარ კონკურენტად და ქვეყანაში ძირითად ოპოზიციურ პარტიად დარჩენილიყო.
„ქართული ოცნება“ ცხრა წელია რეკლამას უწევს „ნაცმოძრაობას“. ვიდრე ეს სცენარი ამ ვითარებაში გრძელდება, არც გახარიას და არც სხვა ძალას არ შესწევს უნარი პოლიტიკურ ვითარებაზე რაღაც დონით გავლენა იქონიოს“, – მიაჩნია ექსპერტს.
მეორე ტურში გამარჯვება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეძლებენ ხელისუფლება და ოპოზიცია მომხრეების მობილიზებას, და არა გახარიას მომხრეებისა და მისი ელექტორატის მხარდაჭერაზე, განაცხადა ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
პოლიტოლოგის თქმით, სინამდვილეში გაურკვეველია – ვის მხარდაჭერას გეგმავს ექს-პრემიერი.
„მისი განცხადებები არცთუ დამაჯერებელია. ვფიქრობ, „ოცნება“ მის მხარდაჭერას არ საჭიროებს, რადგანაც საკმაო რესურსი გააჩნია“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა „Sputnik–საქართველოსთან“.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისის მერის სავარძლისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგანაც ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც აქტიურად ემზადებიან კენჭისყრისთვის და, რაც მთავარია, ორივე მხარე დარწმუნებულია გამარჯვებაში.