ოლიმპიურ ჩემპიონებს საპატიო ვარსკვლავები გაუხსნეს

ოლიმპიურ ჩემპიონებს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს. ვარსკვლავების გახსნის ცერემონია ოლიმპიური კომიტეტის დაარსების დღეს გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ეზოში ლაშა ბექაურის ოლიმპიური ვარსკვლავი გაიხსნა, ხოლო ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს დამატებითი ჩანაწერი შეემატა.
ვარსკვლავების გახსნის ცერემონიას ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, სპორტის დამსახურებული ოსტატი შოთა ხაბარელი, საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი და სხვა ყოფილი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავების გახსნის ცერემონია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დაარსების დღეს გაიმართა. ცერემონიაზე მიხეილ ყაველაშვილმა სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ვულოცავ ოლიმპიურ კომიტეტსა და ჩვენს ვარსკვლავებს. მათ უდიდესი სიხარული მოგვანიჭეს და მჯერა კიდევ უფრო გაზრდიან თავიანთი მედლების ჩამონათვალს. ისინი არიან მომავალი თაობის მაგალითები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმაც ისაუბრა.
„სანამ წავიდოდი ოლიმპიადაზე, აქ ვიყავი და ვნახე სხვა ქართველი ოლიმპიელების ვარსკვლავები. მაშინ ჩავიფიქრე, რომ ჩემი ვარსკვლავიც გახსნილიყო და ეს ოცნება ამიხდა“, – განაცხადა ბექაურმა.
ძიუდოისტმა მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის პროგრამა მაქსიმუმი რეკორდული შედეგის დაფიქსირება და კარიერაში ოთხი ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებაა.
ლაშა ტალახაძემ და ლაშა ბექაურმა 2021 წლის აგვისტოში გამართულ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ქართველი ძალოსნისთვის ეს უკვე მეორე ოლიმპიური ოქროა, პირველად მან წარმატებას 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწია.