მსოფლიო დღეს

2021 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში სამ მეცნიერს გადაეცა

ფიზიკის დარგში ნობელის პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია და გაიცემა სამყაროს აღქმის შესახებ გაკეთებული უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებისთვის.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ფიზიკაში 2021 წლის ნობელის პრემია სამ მეცნიერს გადაეცა — ამერიკელ სიუკურო მანაბეს, გერმანელ კლაუს ჰასელმანს და იტალიელ ჯორჯო პარიზის. ამის შესახებ კაროლინის ინსტიტუტის ნობელის ასამბლეის წარმომადგენლებმა ონლაინ–ტრანსლაციის დროს განაცხადეს.
პრემია მათ „რთული ფიზიკური სისტემების გაგებაში შეტანილი ნოვატორული წვლილისთვის“ გადაეცათ.
დედამიწის კლიმატის მოდელირებისა და გლობალური დათბობის საიმედო პროგნოზირებისთვის 10 მილიონი შვედური კრონის (1,15 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის პრემიის ნახევარი მანაბემ და ჰასელმანმა მიიღეს.
მეორე ნახევარი კი ჯორჯო პარიზის გადაეცა აირებსა და სითხეებში ერთი შეხედვით შემთხვევითი მოძრაობებისა და ბრუნვის უკან არსებული „დამალული კანონების“ აღმოჩენისთვის.
2020 წელს ფიზიკაში ნობელის პრემია შავი ხვრელების შესახებ აღმოჩენებისთვის მიიღეს ბრიტანელმა ფიზიკოსმა როჯერ პენროუზმა, გერმანელმა ასტროფიზიკოსმა რაინჰარდ გენცელმა და ამერიკელმა მეცნიერმა ანდრეა გეზმა.
ნობელის პრემიის გადაცემა 4 ოქტომბერს დაიწყო. ტრადიციულად, პირველად დასახელდა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ლაურეატები – ამერიკელი დევიდ ჯულიუსი და არდემ პატაპუტიანი. პრემია მათ მიენიჭათ „სითბური და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისთვის“.
ნობელის პრესტიჟული პრემია გაიცემა მიღწევებისთვის მეცნიერებაში, ლიტერატურასა და მშვიდობის განმტკიცებაში.
მედიცინისა და ფიზიკის გარდა, ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდებიან ქიმიაში (6 ოქტომბერს), ლიტერატურაში (7 ოქტომბერს), ეკონომიკაში (11 ოქტომბერს) და მშვიდობის დარგში (8 ოქტომბერს). პრემია მისი დამფუძნებლის ალფრედ ნობელის სახელს ატარებს.
მოსალოდნელია, რომ ლაურეატების დაჯილდოება 10 დეკემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება.