თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თაბორის მამათა მონასტრის სასულიერო პირს, მამა იოანე ცუხიშვილს სოციალური ქსელის ანგარიში გაუტეხეს და მის სულიერ შვილებს ფული გამოსტყუეს, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
სამი დღის განმავლობაში დამნაშავემ თითქმის 70 ათასამდე ლარი მიითვისა. თანხის ნაწილი პირდაპირ ანგარიშებიდან მოიხსნა, არიან ასევე დაზარალებულები, რომელთა პირადი მონაცემებით თაღლითმა ბანკში სოლიდური თანხა „ისესხა“.
ამჟამად არსებული მონაცემებით, დაზარალებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
სასულიერო პირის სულიერ შვილებს თაღლითებმა მღვდლის Facebook-ით მისწერეს, თითქოს მას ფული სჭირდებოდა და თანხა ყალბ ანგარიშზე ჩაარიცხინეს, შემდეგ კი ის ონლაინ-კაზინოს ანგარიშზე გადაიტანეს. ზოგიერთმა მათ უკანასკნელი ფულიც კი გადაურიცხა, ზოგიერთმა – ათასობით ლარი.
Facebook-დან თაღლითი სულიერ შვილებს საბანკო ბარათის მონაცემებსაც სთხოვდა. მოქალაქეებმა პირადი საბანკო მონაცემები სოციალურ ქსელში გაგზავნეს, რის შემდეგაც მრევლის ანგარიშებიდან თანხების გადარიცხვა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო.
„ადვილად გატეხეს, მაგრამ დღემდე არ არის დაბლოკილი ჩემი გვერდი. არ არსებობს მექანიზმი ქვეყანაში, რომ დაცული იქნეს ჩემი, ან ჩვენი საზოგადოების უფლებები ამ კონტექსტში. ისევე, როგორც ბანკის კონტექსტში არ არის დაცული“, – განაცხადა სასულიერო პირმა.
ის, რომ მისი სახელით თაღლითებმა ისარგებლეს, მამა იოანემ გვიან აღმოაჩინა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, პოლიციამ დამნაშავის კვალზე გასვლა და სასულიერო პირის პირადი მონაცემების დაცვა ჯერჯერობით ვერ შეძლო. აღნიშნულ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მესამე დღეა იძიებს, თუმცა უშედეგოდ.
შსს-ს განცხადებით, კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი სტატისტიკა. დამნაშავეთა მხრიდან მუდმივად იხვეწება დანაშაულის ჩადენის ხერხები და მეთოდები, რაც სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმების ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომელიც, ერთი მხრივ, უპასუხებს კიბერდანაშაულის თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.