საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს

გამოვლენილი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 8,3 ათასი ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, საქართველო–თურქეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო გამშვებ–პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის ორი ფაქტია აღკვეთილი.
თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ორ მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 68.34 გრამი) კუთვნილი ბარგით მალულად შემოჰქონდათ.
აღმოჩენილი ოქროს საიუველირო ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 8,3 ათასი ლარი შეადგინა. სწორედ ამ ოდენობის ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ კანონდამრღვევებს.