ანა ნეხაევა, РИА Новости
რუსმა კინემატოგრაფისტებმა ჰოლივუდელ კოლეგებს დაასწრეს და პირველები გაემგზავრებიან კოსმოსში. ტომ კრუზი და რეჟისორი დაგ ლაიმანი, რომლებიც კოსმოსში აპირებენ „შეუსრულებელი მისიის“ გადაღებას, მინიმუმ მეორეები იქნებიან.
მსახიობებმა უკან მოიტოვეს ცენტრიფუგები, ბაროკამერები, ათასნაირი დატვირთვა, მძიმე ვარჯიშები და მზად არიან უწონადობაში იმუშაონ. „კინოეკიპაჟიანი“ რაკეტის სტარტის წინ გთავაზობთ გზამკვლევს პროექტის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებში.
მსახიობი ქალი კოსმოსში ახლა რეალობაა. პირველი „გამოძახებაში“ მთავარი როლის შემსრულებელი იულია პერესილდი იქნება. „მსახიობი ქალი უნდა იყოს ნაზი, მგრძნობიარე, გახსნილი, − ამბობს იულია. − კოსმონავტებს კი ყველაფერი პირიქით აქვთ: უნდა იყო მობილიზებული და კონცენტრირებული. ვნახოთ, როგორ გამოგვივა ამ ყველაფრის შერწყმა. მაგრამ ახლა მე უფრო ადამიანი ვარ (და არა მსახიობი ან კოსმონავტი), რომელსაც წარმოუდგენელი სასწაული ელოდება“.
ბაიკონური — პროექტის ცენტრალური ლოკაციაა გაშვების დღეს. „კინოეკიპაჟი“ აქედან იღებს სტარტს ისტორიაში პირველად Союз МС-19-ით.
„გამოძახება“ — ეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტია. სიუჟეტის დეტალები გასაიდუმლოებულია. ცნობილია ის, რომ ეს დრამატული ფილმია ექიმ გოგონაზე (პერესილდი), რომელმაც ერთ თვეში უნდა მოასწროს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფრენისთვის მომზადება და გამგზავრება. იქ მას ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის გადარჩენა მოუწევს.
ასეთი ფარულობა ბევრს აღიზიანებს. „სცენარი ფრენის მართვის ცენტრის სპეციალისტებისთვისაც კი დახურულია. თუ ცენტრის დამგეგმავებსა და ოპერატორებს, სამედიცინო უზრუნველყოფის ჯგუფს არ ესმით, რას უნდა ელოდონ და მხოლოდ ფაქტზე რეაგირება შეუძლიათ, ეს მთლად სწორი არ არის. ეს ეკიპაჟის მუშაობის ეფექტურობაზეც ახდენს გავლენას და უსაფრთხოებაზეც“, − აღნიშნა РИА Новости-სთან ინტერვიუში პირველი კლასის ინსტრუქტორ-კოსმონავტმა, კოსმოსში სამჯერ ნამყოფმა ექიმმა ოლეგ კოტოვმა.
მსახიობი იულია პერესილდი კოსმოსურ სადგურზე გადაღებების სამზადისისას
© photo: Sputnik / Kiril Kallinnikov
/ გზა — ეს პროექტის მონაწილეების მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც იულია პერესილდი ამბობს, „კინოეკიპაჟი“ დუბლიორებთან ერთად სხვადასხვა ავტობუსით მგზავრობს უსაფრთხოების გამო. „ხშირად გვხვდება აქლემების ჯოგი. სხვადასხვა ჯიშისა და ფერის აქლემები გზაზე გამოდიან და წასვლას არც ფიქრობენ, რომ ჩვენმა ქარავანმა გაიაროს. ზოგჯერ უბრალოდ ავტობუსში ვიძინებთ დაღლილობისა და გადატვირთული გრაფიკის გამო. თუ თავისუფალი წუთი გვიჩნდება, გზაშიც კი ფილმზე ვმუშაობთ და რეპეტიციებს გავდივართ“, − ამბობს მსახიობი.
დასახლება „ზვიოზდნი“ ტრადიციულად კოსმოსში გაშვების პრეტენდენტთა შერჩევის ადგილია. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უამრავი დრო გაატარეს კოსმონავტების მომზადების ცენტრში.
გამოცდები რთული იყო. ოტორინოლარინგოლოგთან და ოფთალმოლოგთან შემოწმების გარდა პრეტენდენტები (პერესილდის გარდა ესენი იყვნენ მსახიობები სოფია არჟაკოვსკაია, ალიონა მორდოვინა და პილოტი გალინა კაიროვა) ასევე იყვნენ ბაროკამერაში, ცენტრიფუგაში, საკუთარ თავზე გამოსცადეს მუდმივი აჩქარება (ე.წ. ვესტიბულარული სინჯი), გარდა ამისა, მათ ასევე მოუხდათ სხვადასხვა ჯგუფური ელემენტების დამუშავება წყალზე, „მშრალ ვარჯიშში“ მონაწილეობა − ტბორში დაჯდომა, რომ აღარაფერი ვთქვათ უწონადობაზე.
რეჟისორი კლიმ შიპენკო და „გამოძახების“ გადამღები ჯგუფი
© Roscosmos Press Service
/ კლიმ შიპენკო პირველი რეჟისორი იქნება, რომელიც კოსმოსში გადაიღებს ფილმს. თუმცა ეს მისთვის ახალი თემა არ არის: 2017 წელს მან გამოუშვა ფილმი ორბიტული სადგურის შესახებ „სალუტ-7“. კიდევ პრემია „ოქროს არწივის“ ორგზის ლაურეატმა რუსეთსა და დსთ-ში ყველაზე საკასო ფილმი „მოჯამაგირე“ გადაიღო, რომელმაც 3 მილიარდი რუბლი შეაგროვა.
მენიუ ეკიპაჟს მრავალფეროვანი და სამჯერადი ექნება − თავისი წახემსებით. ამასთან არანაირი განსხვავება ან გამონაკლისი „კინოეკიპაჟისთვის“ არ ივარაუდება: ყველაფერი სტანდარტულია.
„პირველ დღეს საუზმეზე მათ ელოდება: ღორის დაკეპილი ხორცი კვერცხით, ხაჭო, ორცხობილა, ვიტამინები. სადილზე: ხიზილალა, ხორციანი ბორშჩი, აზუ, პური „ბოროდინული“, ვაშლის დესერტი. სამხარზე: გულიაში კარტოფილის პიურეთი, მწვანე ლობიოს სალათი, ჯანჯაფილის ორცხობილა. და სასმელები დღის განმავლობაში: ყავა, ჩაი, კაკაო“, − ამბობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო-ბიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი ალექსანდრ აგურეევი.
ხოლო უშუალოდ გაფრენის წინ მათ თითო ფუჟერ შამპანურს შესთავაზებენ − გაცილების ცერემონიის აღსანიშნავად.
დისკომფორტი ჩვეულებრივი რამ გახდება ეკიპაჟისთვის, ვინაიდან უწონადობაში ძილი, თავის მოვლა და სხვა „მიწიერი“ რამეები გამოცდად იქცევა. პერესილდი და შიპენკო გამოტყდნენ, რომ გამოცდილი კოსმონავტები მათ ლაიფჰაკებს უზიარებდნენ, როგორ ჯობს დაბანა თუ დასვენება.
„კედელს მიუყუდებლად ძილი მოუხერხებელია. უბრალოდ ლივლივებ საძილე ტომარაში. მაშინაც კი, თუ მთელი დღე ქანცი გაგძვრა, ძალიან დაიღალე, მაინც ჭირს დაძინება. ცდილობ, მოხერხებული პოზა მოძებნო, თავი და ფეხები რამეს მიაყრდნო, რათა რაღაც წნევის მაგვარი იგრძნო“, − ამბობს კოტოვი.
იულია პერესილდი კოსმონავტ ანტონ შკაპლეროვთან და რეჟისორ კლიმ შიპენკოსთან ერთად
© POOL
/ თანაც კოსმოსურ სადგურზე შუქს არ თიშავენ, და კიდევ ვენტილატორებისა და სხვა დანადგარების მუშაობის ხმა ისმის.
რეაბილიტაციას „კინოეკიპაჟი“ ორკვირიანი ფრენის შემდეგ ისევ „ზვიოზდნიში“ გაივლის. გამოცდილი კოსმონავტების თქმით, მოკლევადიანი ფრენების შემდეგ ორგანიზმი, როგორც წესი, დაახლოებით შვიდ დღეში აღდგება და მხოლოდ ამის შემდეგ უშვებენ შინ.
„კლიმი სცანარს პერიოდულად ცვლის და ჩემს როლს ართულებს. სწავლა მიწევს − და ეს ლექსი არ არის, რომელსაც სკოლაში ვსწავლობდით. ეს პროზაა. არაპროფესიონალ მსახიობებს, ცოტა არ იყოს, გვიჭირს, თუმცა ცდას არ ვაკლებთ“, − განმარტა ხომალდის კაპიტანმა ანტონ შკაპლეროვმა, რომელიც იმ კოსმონავტის როლს ასრულებს, რომელსაც პერესილდის გმირი კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს.
„სცენარი პროცესში ადაპტირდებოდა მას შემდეგ, რაც კოსმონავტებს ვეცნობოდი“, − ამბობს შიპენკო. − „დანარჩენ მსახიობებს კოსმოსური ბლოკის დასრულების შემდეგ შევარჩევთ“.
„გამოძახებაში“ მონაწილეობა შეიძლებოდა მიეღოთ სერგეი ბურუნოვს, ვლადიმირ მაშკოვს, ტატიანა დოგილევას. გარდა ამისა, შიპენკო დრიმკასტში ასახელებდა პოლინა აგურეევას, ოლეგ ნოვიცკისა და პიოტრ დუბროვინს. თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია.
ტურისტები კოსმოსში 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ. პირველი იტალიური წარმოშობის ამერიკელი მეწარმე დენის ტიტო იყო. მის შემდეგ კოსმოსში უპირატესად სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენები დაფრინავდნენ. 2015 წელს მომღერალ სარა ბრაიტმანის მოგზაურობა იგეგმებოდა, მაგრამ საბოლოოდ მან უარი თქვა.
მიუხედავად ფრენისთვის სამზადისის მნიშვნელოვანი ღირებულებისა (რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი), მსურველი ბევრია. და ახლა კოსმოსში პირველად წავლენ კინომსახიობი და რეჟისორი.
სიამოვნება უწონადობისგან „კინოეკიპაჟმა“ უკვე მიიღო. იულია პერესილდის თქმით, მათ დიდი რაოდენობით ქაღალდის პაკეტები მოიმარაგეს, მაგრამ არ დასჭირდათ.
„დასანანია, რომ მხოლოდ ერთხელ ვიფრინეთ უწონადობაში“, − ამბობს მსახიობი.
ფრანგული, ესპანური და რუსული − ეს კოსმოსში გაშვების ტრანსლაციის მთავარი ენებია. ამასთან მისი ნახვა დედამიწის ყველა წერტილიდანაა შესაძლებელი.
პროექტის ციფრები შთამბეჭდავია. „კინოეკიპაჟი“ მთელ 12 დღეს დაჰყოფს კოსმოსში − დაბრუნება 17 ოქტომბრისთვის იგეგმება. შიპენკოს იმედი აქვს, რომ გადაღებული მასალის დაახლოებით 35-40 წუთი მაინც შევა საფინალო მონტაჟში. მისი თქმით, სურს, რომ „კოსმოსის მაქსიმალური რაოდენობა კოსმოსშივე იყოს გადაღებული“.
ბაიკონურიდან გაშვების ეთერის ნახვა რეალური დროის რეჟიმშია შესაძლებელი. ხომალდ Союз МС-19-ის სტარტი ონლაინ-გადაიცემა რუსეთის „პირველი არხის“ საიტებსა და სოციალურ ქსელებში, ასევე ონლაინ-პლატფორმაზე Start და კინოთეატრ „მოსკინო კოსმოსში“.
ტრანსლაციის კომენტატორები ვლადიმირ პოზნერი და კოსმონავტი ალექსანდრ მისურკინი იქნებიან.