თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მიქელანჯელოს დავითის გიგანტური 3D-ასლის Dubai Expo-ზე წარმოდგენას ცხარე განხილვები მოჰყვა, ვინაიდან გამოფენის ორგანიზატორებმა სკულპტურას ინტიმური ადგილები დაუფარეს, რათა კონსერვატიული მუსლიმების გრძნობებისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ, წერს Daily Mail.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქანდაკების ხუთმეტრიანი რეპლიკა იტალიის პავილიონში მინისა და ქვის კოლონებისგან დამზადებული ცილინდრული კამერით გამოიფინა, რაც სკულპტურის გარკვეული ნაწილების დათვალიერებას შეუძლებელს ხდიდა. ამან იტალიელი მხატვრებისა და ხელოვნებათმცოდნეების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
ხელოვნებათმცოდნე ვიტორიო სგარბიმ დავითის ნაწილობრივი დაფარვა „გროტესკულად და სულელურად“ შეაფასა და ამ ნაბიჯს „საამიროების რელიგიისა და კულტურის თაყვანისმცემლობა“ უწოდა.
თავის მხრივ, Dubai Expo-ზე იტალიის პავილიონის ექსპოზიციაზე პასუხისმგებელმა დავიდე რამპელომ მხარი დაუჭირა დავითისთვის ინტიმური ადგილების დაფარვის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ „ეს უნიკალური მიდგომაა“. ამასთან უარყო მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საქმე სახელმწიფოს მხრიდან ცენზურაშია.
Dubai Expo 2020-ზე წარმოდგენილი დავითის ზუსტი ასლი ლაზერული სკანირებისა და 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის წყალობით შეიქმნა. ცვილისგან დამზადებული უზარმაზარი რეპლიკა მარმარილოს მტვრით დამუშავდა.