COVID-19 - ბოლო ცნობები

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით რვა წლის ბავშვი გარდაიცვალა

„დელტა" შტამი ბავშვებსა და ახალგაზრდებში ადვილად ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ" შტამთან შედარებით.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ციციშვილის კლინიკაში 18 სექტემბერს სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, ბავშვს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„ბავშვი სხვა კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში გადმოიყვანეს. მოზარდს ჰქონდა თანმხლები დაავადებების გრძელი ნუსხა – ქრომოსომული თანდაყოლილი დაავადება, ფსიქომოტორული სფეროს ჩამორჩენა, გულის კომბინირებული მანკი, ინფექცია, კოვიდის გამო დაზიანებული ჰქონდა ფილტვები. ამასთან იყო ძალიან დაბალი წონის პაციენტი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ამ დროისათვის ციციშვილის კლინიკაში მშობლებთან ერთად მოთავსებულია 80-მდე ბავშვი. ჩხაიძის ინფორმაციით, მშობლებიდან სრულად ვაქცინირებული მხოლოდ ორი პაციენტის მშობელია, რომელთა შემთხვევაშიც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 19 არასრულწლოვანი, მათგან ერთ-ერთი – 2,5 თვის ჩვილი მართვით სუნთქვაზეა.
ეპიდემიოლოგები მშობლებს აცრისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ბავშვების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა არის მშობლებისა და ოჯახის წევრების ვაქცინაცია.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირების 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პირი.