თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის საკრებულოში 6 პარტია მოხვდა - ამას მოწმობს ცესკოს მონაცემები უბნების 100%-ის დათვლის შემდეგ.
პროპორციულ არჩევნებზე პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იყო 2,5%.
ეს ბარიერი შემდეგმა პარტიებმა გადალახეს:
1. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 40,37%
2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27,97%
3. „საქართველოსთვის“ - 8,86%
4. „ლელო საქართველოსთვის“ - 3,63%
5. „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3,3%
6. „ხალხისთვის“ - 2,57%.
მთელ საქართველოში პროპორციული სიით ყველაზე მეტი ხმა - 46,69% მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ . მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა“ 30,7%-ით, მესამეზე - გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 7,8%-ით.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 743 უბნის ხმები დაითვალა.
მეორე ტური
ცესკოს მონაცემებით, მერების არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქში ჩატარდება.
თბილისის მერის არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა - 45,04% მმართველი პარტიის წარმომადგენელმა კახა კალაძემ მიიღო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პირველივე ტურში გასამარჯვებლად. გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტის მიღება სჭირდება.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია 33,96%-ით.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა. ამომრჩევლების აქტივობა იყო 51,92%.