თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქალაქის მერის არჩევნების მეორე ტური, ოქმების დაახლოებით 40%–ის დათვლის შემდეგ, გაიმართება 20 ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და ფოთში.
ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ლიდერობენ ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში.
„ქართულმა ოცნებამ" პირველივე ტურში 44 ქალაქში გაიმარჯვა.
კერძოდ, თბილისში კახა კალაძემ („ქართული ოცნება“) დააგროვა ხმების 45,5%, ხოლო ნიკანორ მელიამ („ნაციონალური მოძრაობა“) – 34,13 %.
რუსთავში დავით კირკიტაძემ („ნაციონალური მოძრაობა") მიიღო 44.53%, ხოლო ნინო ლაცაბიძემ ("ქართული ოცნება") - 44.34%.
ბათუმის მონაცემებია ასეთია: გიორგი კირთაძე („ნაციონალური მოძრაობა") - 42.34%, არჩილ ჩიქოვანი - („ქართული ოცნება") - 41,49%.
ქუთაისი – ხატია დეკანოიძე („ნაციონალური მოძრაობა") - 43.75%, იოსებ ხახალეიშვილი ("ქართული ოცნება") - 41.86%.
ფოთი – გიგი უგულავა („ნაციონალური მოძრაობა") - 37.44%, ბექა ვაჭარაძე („ქართული ოცნება") - 47.73%.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.