არჩევნები 2021

რა ვითარებაა მარნეულის საარჩევნო ოლქში - „ოცნების“ მაჟორიტარი გამარჯვებაზე საუბრობს

მარნეულის საარჩევნო ოლქში არჩევნებზე ხშირია ინციდენტები, გამონაკლისი არც დღევანდელი არჩევნები ყოფილა
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მარნეულში პირველსავე ტურში დამაჯერებლად იმარჯვებს, ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ისეთი კარგი პროცენტი იქნება მარნეულში, რომ ყველა იძულებული გახდება, აღიაროს ეს გამარჯვება“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
ზაურ დარგალმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და მარნეულში საარჩევნო გარემოც შეაფასა.
„საკმაოდ მაღალი პროცენტით გავიმარჯვებთ ჩვენ ამ არჩევნებზე. დილიდან საღამომდე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც დღის განმავლობაში გეუბნებოდით, მოსალოდნელი იყო პროვოკაციები, მოხდა რამდენიმე პროვოკაციაც, თუმცა არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა“, - განაცხადა დარგალმა.
არჩევნები 2021
დაპირისპირება მარნეულში: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „გირჩის“ წევრი სცემეს
აღსანიშნავია, რომ დღეს მარნეულის საარჩევნო ოლქში ორი მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა.
სოფელ ყიზილაჯლოში ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ირაკლი ქველაძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გარდა ამისა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანში დანით დაჭრეს პარტია „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი. იგი მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
ცესკოს უკვე დაწყებული აქვს არჩევნების შედეგებით ოქმების გამოქვეყნება, მაგრამ მარნეულის ოლქიდან ჯერ არცერთი ოქმი არ ატვირთულა.
არჩევნები 2021
მარნეულში საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაჭრეს
ამ დროისთვის რამდენიმე ტელეკომპანიამ გამოქვეყნებულია ეგზიტპოლების შედეგები.
ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები პარტიების მიხედვით საქართველოს მასშტაბით ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 46%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 33%
„საქართველოსთვის“ - 6%
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 2%
„ლელო საქართველოსთვის“ – 2%
„ევროპული საქართველო“ – 2%
ცესკოს ბოლოს მონაცემებით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1.815.776-მა მოქალაქემ.
ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება და რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერების კანდიდატებს მისცა ხმა.