არჩევნები 2021

რატომ დაგვიანდა პირველადი შედეგების გამოქვეყნება: კალანდარიშვილი განმარტავს

Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააყოვნა პირველადი მონაცემების გამოქვეყნება, ჩვენს ვებგვერდზე ატვირთული იყო საოლქო კომისიების ყველა შემაჯამებელი ოქმი, შესაბამისად, მათი გაცნობა და მონაცემების დაჯამება შესაძლებელი იყო, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
პირველი განცხადება ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების დასრულებიდან 11 საათის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ცესკო შესაბამის ოქმებს ელოდებოდა ყველა საარჩევნო ოლქიდან.
არჩევნები 2021
„ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით 52 ქალაქში ლიდერობს
ამასთან მან განმარტა მონაცემების გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზიც და აღნიშნა, რომ კომისიას სურდა, წინასწარის წინა მონაცემები ყოფილიყო რეპრეზენტატული.

„​არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი ამ არჩევნებთან მიმართებაში, მის შედეგებზე. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, რომ იმ წინასწარ მონაცემებს, რომელსაც გარკვეულ დროს გამოვაცხადებდით, მაქსიმალურად აესახა პროპორციულ ხმათა რაოდენობა ყველა საარჩევნო ოლქში, რის შესაძლებლობაც ჩვენ ამ დრომდე რეალურად არ გვქონდა“, — აღნიშნა კალანდარიშვილმა.

საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.