არჩევნები 2021

კალაძე - 44.96%, მელია - 33.94% - თბილისში ცესკო მეორე ტურს აანონსებს

Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, დიდი ალბათობით, მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება, განაცხადა ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე.
თბილისის მერობისთვის კახა კალაძე და ნიკა მელია იბრძოლებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თბილისში 769 უბნიდან 740 უბანია დათვლილი, რაც წარმოადგენს საერთო რაოდენობის 96.23%-ს და იკვეთება, რომ თბილისში შესაძლოა გაიმართოს მეორე ტური.
მისი თქმით ნიკანორ მელიამ მიიღო 156.156 ხმა, რაც წარმოადგენს 33.94%-ს და კახა კალაძემ 206.848, 44. 96%-ს.
ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, მეორე ტური დიდი ალბათობით, შედგება როგორც თბილისში, ისე რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტში.
რუსთავში - ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) და დავით კირიკიტაძე (ენმ). ფოთში - ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება) და გიგი უგულავა (ენმ); ბათუმში - არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) და გიორგი კირთაძე (ენმ); ქუთაისში - იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) და ხატია დეკანოიძე (ენმ); ზუგდიდში - მამუკა წოწორია (ქართული ოცნება) და ანზორ მელია (ენმ). ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების I ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.