თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ბინის მეპატრონეს, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმალებოდა, ბრალი ოფიციალურად წარედგინა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა ე.ც.-მ იცოდა, რომ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 30 სექტემბერს თბილისში მდებარე თავისი ბინა მას კონსპირაციული მიზნით გადასცა.
სწორედ ამ ბინაში აღმოაჩინეს 1 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იქ მართლმსაჯულებას ემალებოდა. იმ დღესვე მოხდა ბინის მფლობელის დაკავებაც.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ელგუჯა ცომაიაზე, რომელმაც საკუთარი ტრაილერით სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოიყვანა.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნაძალადევის რაიონში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, რომელიც 6-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. საზღვრის უკანონო კვეთის გამო ბრალი მისთვის ჯერ არ წარუდგენიათ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ის ქონების ჩამორთმევის საქმეზე კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.