თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს თბილისში არანაირ საპროტესტო აქციას არ გეგმევს, განუცხადეს Sputnik–საქართველოს ოპოზიციური პარტიის პრეს–ცენტრში.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 1 ოქტომბერს თბილისში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, რომელზეც სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. ის თავის მომხრეებს მოუწოდებდა, რომ 3 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაემართათ.
„დღეს არანაირი საპროტესტო აქცია არ იქნება. „ნაციონალურ მოძრაობას ეს არ დაუანონსებია. ასეთი გეგმები არ არის. ხვალინდელზე და ზეგინდელზე ჯერ ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადეს პრეს–სამსახურში.
ამ დროისთვის ოპოზიცია ქუჩებში თავისი მომხრეების გამოყვანას არ ჩქარობს, სავარაუდოდ, მეორე ტურების გამო. არ არის ასევე მოწოდებები მასშტაბური გამოსვლებისკენ არც სააკაშვილის მხრიდან, რომელიც მორიგ ბრალდებას რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებაში ელოდება.
არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური ქვეყნის 20 ქალაქში ჩატარდება, სადაც მერობის კანდიდატებმა ხმების 50%–ზე მეტი ვერ მოაგროვეს.
მეორე ტური იქნება თბილისშიც, სადაც კახა კალაძემ „ოცნებიდან“ ხმების 45,13% მიიღო, ხოლო ნიკა მელიამ ენმ–დან – 33,9%.