არჩევნები 2021

TV Formula–ს ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ – 46%, „ნაცმოძრაობა“ – 33%

მესამე ადგილზე გავიდა ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 6%–ით
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ არჩევნებში ლიდერობს, ასეთია ტელეკომპანია TV Formula–ს დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research–ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
18:00 საათის მონაცემების თანახმად, პარტიული სიებით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 46%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 33%
პარტია „საქართველოსთვის“ – 6%.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მეტად პოლიტიზებული იყო, რომლის მთავარი ინტრიგასაც ხმების 43% წარმოადგენდა, რომელიც მმართველმა პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უნდა აეღო.
სწორედ ეს პროცენტული მაჩვენებელი წარმოადგენს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობას, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში იყო ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მაინც რეფერენდუმს უწოდებს.
ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებამ, რომელიც თბილისში პარასკევს დააკავეს. თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ოპოზიციას კვირას მასშტაბური მიტინგის გამართვისკენ მოუწოდებს, რათა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა.