თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის მერის არჩევნებზე კანდიდატი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია თმობს პოზიციებს მოქმედი მერის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის, კახა კალაძის სასარგებლოდ.
ამას მოწმობს ეგზიტპოლის მონაცემები, რომელიც ოპოზიციური ტელეარხი „მთავარი არხის“ დაკვეთით ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა ჩაატარა. IPSOS-მა დღის განმავლობაში თბილისში 2500 ამომრჩეველი გამოკითხა. მანამდე გამოქვეყნდა მონაცემები, რომელთა მიხედვით მელია კალაძეს უსწრებდა.
თბილისში საარჩევნო უბნებთან ჩატარებული გამოკითხვის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე განაწილდა:
კახა კალაძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 40,5%
ნიკა მელია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 39,9%
გიორგი გახარია - „საქართველოსთვის“ – 8,9%
ანა დოლიძე „ხალხისთვის“ – 4,1%
ანა ბიბილაშვილი „ლელო“ – 2,5%
მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს. ცესკოს არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოუცხადებია.
დაკორექტირებულია ასევე მონაცემები პარტიების მიხედვით:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 38,5%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 31,9%
„საქართველოსთვის“ - 7,7%
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 4,8%
„ლელო საქართველოსთვის“ - 3,7%
„ხალხისთვის“ - 2,3%
„გირჩი“ - 2,2%
„მოქალაქეები“ - 1,3%
„ლეიბორისტული პარტია" - 1%
„ევროპული საქართველო“ - 1%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 0,9%
„მესამე ძალა“ - 0,8%
ცესკოს ბოლოს მონაცემებით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1.815.776-მა მოქალაქემ.
ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება და რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერების კანდიდატებს მისცა ხმა.