თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, აკვირდებოდნენ კენჭისყრის პროცესს და აგროვებდნენ ინფორმაციას, რასაც ისინი საკუთარ დასკვნებში ასახავენ.
დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და ამდენივე მერი აირჩია. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
„ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესმა მშვიდად ჩაიარა. დღეს ჩვენ ვეწვიეთ ექვს საარჩევნო უბანს და ვნახეთ, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული. არ ყოფილა ძალადობა და ამავდროულად, დაცული იყო კოვიდ-შეზღუდვები. სიტუაცია მშვიდია საარჩევნო უბნების ფარგლებს გარეთაც, პროვოკაციები არ ყოფილა”, - განაცხადა დამკვირვებელმა ლიეტუვიდან რაინეს ტოჩელოვსკიმ.
დამკვირვებლები უკრაინიდან ასევე აცხადებენ, რომ სიტუაცია მშვიდია და მათ ვერ შეამჩნიეს რაიმე სერიოზული დარღვევა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს თავისუფალ არჩევნებზე.
„სიტუაცია საკმაოდ მშვიდია. ალბათ მთავარი პრობლემა ისაა, რომ შუადღის 12 საათის შემდეგ ბევრი ხალხი მოვიდა და კომისიის ზოგიერთმა წევრმა ვერ გაართვა თავი სიტუაციას. დაფიქსირებულია საჩივრების მინიმალური რაოდენობა“, - აცხადებს ოლენა იურკინა.
„ჩვენ ვერ შევამჩნიეთ რაიმე სერიოზული დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს თავისუფალ არჩევნებზე”, - განაცხადა უკრაინელმა დამკვირვებელმა გეორგი ჩიჟოვმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მათ შორის გლდანში. მისი თქმით, პროცესი ყველგან მშვიდად და კარგად იყო ორგანიზებული.
„მოხარული ვარ, ვთქვა, რომ იქ, სადაც ვიყავი, პროცესი იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, ჩანდა, რომ ადამიანები მზად იყვნენ, კოვიდთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების დასაცავად“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
ევროპარლამენტის დამკვირვებლის, მაიკლ ბურზაკოს თქმით, თბილისში არ იგრძნობოდა ის დაძაბულობა, რომელსაც მედია-საშუალებები აშუქებდნენ.
„მე აქ ვიმყოფები, როგორც ევროპის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი. ჩვენ აქ ვართ, რადგან გვესმის, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით. დღის განმავლობაში ჩვენ ათზე მეტ საარჩევნო უბანზე ვიყავით. ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია არის მშვიდი, ატმოსფერო გასული წლის არჩევნებს ჰგავს ... მე მაქვს განცდა, რომ მედიის მიერ გაშუქებული დაძაბულობა არ იგრძნობა თბილისში“, - განაცხადა ბურზაკომ.
უნგრელი დეპუტატი ლორინს ნაჩა, რომელმაც რამდენიმე საარჩევნო უბანი მოინახულა, ამბობს, რომ პროცესი მიმდინარეობს ყველა წესის დაცვით.
„ჩვენ მოვინახულეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი თბილისსა და მცხეთაში. დარღვევები არ არის, ყველაფერი წესრიგშია... ვფიქრობ, რომ დღეს აქ, ადგილობრივ არჩევნებზე, დავინახავთ ყველა ევროპულ ღირებულებას. საქართველო ჩვენი პარტნიორია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასთან მეგობრობა და პარტნიორობა“, - განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერების კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს ბოლოს მონაცემებით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1.815.776-მა მოქალაქემ.