არჩევნები 2021

„მოსალოდნელია პროვოკაციები“ - ირაკლი კობახიძე მხარდამჭერებს აფრთხილებს

ირაკლი კობახიძე საზოგადოებას პროვოკაციების შესახებ აფრთხილებს
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. მოსალოდნელია პროვოკაციები. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის, განსაკუთრებით, ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ნებისმიერ პროვოკაციას მაქსიმალური სიმშვიდითა და მოთმინებით შეხვდნენ. ნუ მივცემთ პროვოკატორებს მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს მშვიდ გარემოში მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა.
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, დღე, რომელიც განსაზღვრავს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ბუნებრივია, მოსალოდნელია პროვოკაციები. დარწმუნებული ვართ, რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართული საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყანაში გაიხსნა 3.664 საარჩევნო უბანი.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.