სააკაშვილის სამალავი გასაღებით გააღეს, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს - პრემიერი

Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინა გასაღებით გააღეს, ვფიქრობ ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და სრულად გაკოტრებული, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს, აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
უკრაინიდან დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს სანზონაში, ნაქირავებ ბინაში დააკავეს და ეს საზოგადოებისთვის ცნობილი პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან გახდა.
„სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ, ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და მათ წარმოედგინათ და საბოლოო ჯამში, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის შედეგი დამდგარიყო, რაც დადგა. შევარჩიეთ ის დრო, როდესაც სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან უკრაინელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მათი ერთობლივად ჩატარებული მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე და ამავე კონტექსტში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილის საქმეც.
„დანარჩენი, ეს ფორმალური განცხადებები ჩვენ გვესმის, პროცესი მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის აბსოლუტურად გამჭირვალე. არავითარ კითხვას არ დავტოვებთ პასუხგაუცემელს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, რა ედგა იმას, რომ პოლიციას სააკაშვილი იმ დროს დაეკავებინა როდესაც ქუჩებში გადაადგილდებოდა, იღებდა ვიდეოებს, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დეტალებში შესვლა არ სურს, თუმცა სამართალდამცავი უწყებები ყოველთვის აფასებენ რისკებს და აქედან გამომდინარე მოქმედებენ.