თბილისი, 2 ოქტომბერი- Sputnik. მუნიციპალიტეტის არჩევნებისას, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია, განაცხადეს ცესკოში.
საქართველოს მოქალაქეები მერებსა და სათათბიროს დეპუტატებს ირჩევენ.
უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის არჩევნები გამოირჩევა იმით, რომ საარჩევნო პროცედურები მეტ დროს მოითხოვს. წელს წარმოდგენილია სამი სახის საარჩევნო ბიულეტენი (მაჟორიტარული, პროპორციული, მერის), რომლის დათვლასაც შესაბამისი დრო სჭირდება.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო-ში რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასულ წლებში (2014წ., 2017წ.), მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე. ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია 68 საინიციატივო ჯგუფი.
ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველად წინასწარ მონაცემებს, გასაჯაროების მომენტისთვის მიღებული ოქმების მიხედვით, მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც უწყებაში შემოსული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად.
2014 წელს, როდესაც არჩევნებში 24 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა, პირველადი, წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 6 საათსა და 30 წუთში გამოცხადდა,
2017 წელს კი არჩევნებში 27 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა და მონაცემების გამოქვეყნება 7 საათსა და 20 წუთში გახდა შესაძლებელი.
2 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყანაში გაიხსნა 3.664 საარჩევნო უბანი.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.
2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ძალიან პოლიტიზებულია, ვითარება გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და შემდეგ დაკავებამ კიდევ უფრო დაძაბა.