თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. კრწანისის ოლქის №5 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ცირა ბარამიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის შედეგები გაასაჯაროვა.
წელს კრწანისის ოლქში 31 უბანზე ხმების ელექტრონული დათვლის საპილოტე ვერსია ამოქმედდა. ბარამიძის თქმით, უბანზე დარეგისტრირებული 1.218 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 548–მ მიიღო.
პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
კახა კალაძე („ქართული ოცნება“) – 253 ხმა
ნიკა მელია („ნაცმოძრაობა“) – 167
გიორგი გახარია („საქართველოსთვის“ ) – 44
ანა დოლიძე („ხალხისთვის“) – 29
ანა ბიბილაშვილი („ლელო საქართველოსთვის“) – 16
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კენჭისყრა მშვიდ გარემოში წარიმართა.
მნიშვნელოვანი არჩევნები
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მეტად პოლიტიზებული იყო, რომლის მთავარ ინტრიგასაც ხმების 43% წარმოადგენდა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უნდა აეღო.
სწორედ ეს პროცენტული მაჩვენებელი წარმოადგენს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობას, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში იყო ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მაინც რეფერენდუმს უწოდებს.
ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებამ, რომელიც თბილისში პარასკევს დააკავეს. თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ოპოზიციას კვირას მასშტაბური მიტინგის გამართვისკენ მოუწოდებს, რათა დასრულდეს „ქართულიოცნების“ მმართველობა.