არჩევნები 2021

მიხეილ სააკაშვილი: ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თბილისში გუშინ დააპატიმრეს, შიმშილობა გამოაცხადა და როგორც უკრაინის მოქალაქე, კონსულთან შეხვედრას ითხოვს.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის Facebook–გვერდზე, მიუხედავად იმისა რომ იგი თბილისში გუშინ დააკავეს, ქართველი ხალხისადმი მორიგი მიმართვა გავრცელდა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონში ერთ–ერთი საცხოვრებელ კორპუსში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
„თბილისი, ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სააკაშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებულ IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგებს.
კენჭისყრის დასრულებისთანავე სამმა ქართულმა ტელეარხმა მათ მიერ კომპანიებისთვის დაკვეთილი ეგზიტპოლების შედეგები გაასაჯაროვა, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიები „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებენ, მაშინ როდესაც ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის პირველივე ტურში გამარჯვება გამოაცხადა.
არჩევნები 2021
„მთავარი არხის“ ეგზიტპოლი: კალაძემ გაუსწრო მელიას, მაგრამ თბილისში მეორე ტური ჩატარდება
Ipsos-ის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 38,6 % მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 33 %.
მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს კენჭისყრის შედეგები არ გამოუქვეყნებია, ხელისუფლებამ თავის მომხრეებს გამარჯვება უკვე მიულოცა.
თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სრული მარცხის შესახებ განაცხადა.
მნიშვნელოვანი არჩევნები
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მეტად პოლიტიზებული იყო, რომლის მთავარ ინტრიგასაც ხმების 43% წარმოადგენდა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უნდა აეღო.
სწორედ ეს პროცენტული მაჩვენებელი წარმოადგენს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობას, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში იყო ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მაინც რეფერენდუმს უწოდებს.
ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებამ, რომელიც თბილისში პარასკევს დააკავეს. თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ოპოზიციას კვირას მასშტაბური მიტინგის გამართვისკენ მოუწოდებს, რათა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა.