მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

ჯერჯერობით უცნობია, სად და რა ვითარებაში მოხდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მასმედიაში გავრცელდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი სანზონაში აიყვანეს.
ვრცელდება კადრები, როგორ შეჰყავთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში – ვიდეო
როგორც სახალხო დამცველის პრეს-სამსახურში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილს დღესვე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოინახულებს.
დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მისი თქმით, ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს ფეიკ-ინფორმაციაა და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.