„ყველა უნდა დავიძრათ თბილისისკენ“ – მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილმა ორი ვიდეოს შემდეგ „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ბათუმიდან გამოქვეყნებული ვიდეოების შემდეგ განცხადებას ავრცლებს.
როგორც სააკაშვილი წერს, 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, ხოლო 3 ოქტომბერს მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად.

„მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას. ამიტომ ჩემი თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და, იმედია, არც თქვენ“, – წერს სააკაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
„ოფიციალურად მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია“, – განუცხადა უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა „Sputnik–საქართველოს“.
დღეს ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა წარწერა: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ". შემდეგ ორი ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ ბათუმის ქუჩებში სეირნობს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იმყოფება ამჟამად მიხეილ სააკაშვილი და მართლა შეძლო თუ არა მან ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთა.