თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით დაიცვან განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების განმარტებით, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი სწორედ საუბნო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ, რადგანაც საჩივრის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში იგი განუხილველი დარჩება.
„საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი დღის ვადაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაშიც განცხადება/საჩივარი აგრეთვე განუხილველი დარჩება.
თვითმმართველი ორგანოების არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.