რა ღირს მსოფლიოს, ევროპისა და ჩემპიონთა ლიგის თასები

ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასი ხუთეულშიც ვერ მოხვდა, ასევე ხუთეულის მიღმა დარჩა სანაკრებო ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ევროპის ჩემპიონატის თასიც.
Sputnik
ფეხბურთი რომ ჩვენს პლანეტაზე ყველაზე პოპულარული სპორტული თამაშია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საკლუბო დონეზე სპორტსმენები მთელი წლის განმავლობაში ყოველკვირეულად რამდენიმე თამაშს ატარებენ იმისთვის, რომ სეზონის ბოლოს ნანატრი თასი თავს ზემოთ აღმართონ.
ბევრი ფეხბურთელი პარალელურად ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, უწევთ შესარჩევი ტურნირების გავლა მსოფლიოსა, თუ ევროპის ჩემპიონატისთვის, შემდეგ უშუალოდ შეჯიბრის დასკვნითი ეტაპები, მოკლედ, ბევრი სირთულისა და ნერვიულობის გადატანა ნანატრ თასამდე.
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირი, ევროპის ჩემპიონატი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და გამარჯვება იტალიის ნაკრებმა იზეიმა. იტალია 1968 წლის შემდეგ მეორედ დაეუფლა ევროპის ჩემპიონის ტიტულს. სექტემბრიდან კი ისევ განახლდა საკლუბო ტურნირები, მათ შორის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონთა ლიგა.
საფეხბურთო ჯილდოები, პრესტიჟულობასთან ერთად, თავისი ისტორიითა და ღირებულებით განსხვავდებიან. დღეს სწორედ ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო თასებზე გიამბობთ.
იტალიის სერია A-ს თასი
იტალიის სერია A, როგორც ყველა სტანდარტული საფეხბურთო ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება. ამჟამინდელი ფორმატით ის 1929-30 წლების სეზონიდან ტარდება. ყველაზე მეტი, 36 ტიტული ამ დროისათვის ტურინის „იუვენტუსს“ აქვს მოგებული. სერია A-ს მოგებისთვის დაწესებული ჯილდოს ღირებულება კი 66.000 აშშ დოლარს უტოლდება, ის ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო თასებს შორის მე-5 ადგილს იკავებს.
გერმანიის თასი
ჯერ კიდევ 1935 წელს დაარსებული გერმანიის თასის ტურნირი ყოველწლიურად იმართება. ის ყველაზე ბევრჯერ „ბაიერნმა“ მოიგო. „რეკორდმაისტერების“ ანგარიშზე 20 თასია. რაც შეეხება თასის ფასს, ის ოქროსგან არის დამზადებული და მისი ღირებულება 105.000 აშშ დოლარია. ამრიგად, გერმანიის თასი ამ დროისათვის ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო ჯილდოებს შორის მე-4 ადგილს იკავებს.
აფრიკის ერთა თასი
აფრიკის ერთა თასის ჯილდო 1980 წლამდე სამჯერ შეიცვალა. აფრიკის კონტინენტზე თანამედროვე მოდელის თასზე 2001 წელს ჩამოყალიბდნენ. ტურნირი, როგორც წესი, სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. აფრიკის თასი ყველაზე ბევრჯერ ეგვიპტის ნაკრებმა მოიგო. ეგვიპტელები კონტინენტის ჩემპიონები შვიდჯერ გახდნენ. ოქროსგან გაკეთებული ჯილდო იტალიაში შეიქმნა. მიუხედავად კონტინენტზე არსებული ეკონომიკური სირთულეებისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლისა, აფრიკის ერთა თასის ღირებულება 150.000 დოლარს შეადგენს. ის სიძვირით მე-3 თასია.
ინგლისის ასოციაციის თასი
ინგლისის ასოციაციის თასი ყველაზე ძველი ოფიციალური საფეხბურთო ტურნირია, ის 1871 წელს დაარსდა. შეჯიბრი ყოველწლიურად ტარდება. ის ყველაზე ბევრჯერ ლონდონურმა „არსენალმა“ მოიგო. "მეთოფეთა" ანგარიშზე 14 თასია. ოქროსა და ვერცხლისგან შექმნილი ჯილდოს ღირებულება 1.18 მილიონ დოლარს უტოლდება და ის საფეხბურთო თასებს შორის ფასის მხრივ მე-2 ადგილს იკავებს.
მსოფლიო ჩემპიონატის თასი
მსოფლიო ჩემპიონატის თასი თანამედროვე სახით 1974 წლიდან არსებობს. მისი შემქმნელი სილვიო გასანიგაა. მანამდე, 1930 წლიდან, როდესაც ტურნირი შეიქმნა, მსოფლიო ჩემპიონატის თასს გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ფორმა ჰქონდა.
შეჯიბრი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და სანაკრებო დონეზე ის ყველაზე პრესტიჟულია, რისი მოგებაც ფეხბურთელს შეუძლია. მუნდიალი ყველაზე ბევრჯერ ბრაზილიის ნაკრებს აქვს მოგებული. „სელესაოს“ ანგარიშზე ხუთი ტიტულია. მოქმედი ჩემპიონი კი საფრანგეთის ნაკრებია. რაც შეეხება უშუალოდ თასს, ის ოქროსგან არის დამზადებული და დაახლოებით 6 კილოგრამს იწონის. ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო თასის ღირებულება 20 მილიონი აშშ დოლარია.
ყველაზე ძვირადღირებული თასის ტიტულს ყველაზე სასურველი თასი ატარებს და ეს ლოგიკურია, მაგრამ საინტერესოა რომ:
სტატიის დასაწყისში ნახსენები ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 1958 წლიდან ტარდება, კი არის პრესტიჟულობით ძალიან მაღალი სანაკრებო დონეზე, თუმცა მისი საფასურით ის მხოლოდ მე-7 ადგილზეა და გერმანიის ბუნდესლიგის თასს ჩამორჩება, რომელიც ყოველწლიურია და 29 ტიტულით აქაც „ბაიერნი“ ლიდერობს. რაც შეეხება თასის ღირებულებას, ბუნდესლიგის ჯილდო 54.500 დოლარად არის შეფასებული.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ის ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. მოქმედი ჩემპიონი იტალიაა, ხოლო ყველაზე ბევრჯერ, სამ-სამჯერ ეს ტიტული გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებმა მოიგეს. თასის ღირებულება თითქმის 40 ათასი დოლარით ჩამოუვარდება მის წინ მდგომ ბუნდესლიგის თასს, ევროპის ჩემპიონატის ტიტული 15.500 აშშ დოლარს უტოლდება.
ფული რომ ყველაფერს არ ნიშნავს, ამას ადასტურებს ჩემპიონთა ლიგის თასი. ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატი, რომლის მოგებაზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს, თასის ფასის მიხედვით არც ისე მოწინავე პოზიციაზეა და ის მხოლოდ მერვე ადგილს იკავებს ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო თასებს შორის. აღნიშნული ტურნირი ყველაზე ბევრჯერ მადრიდის „რეალმა“ მოიგო. მადრიდელთა ანგარიშზე 13 თასია. რაც შეეხება უშუალოდ ჯილდოს ღირებულებას, მისი ფასი სულ რაღაც 12.000 აშშ დოლარია.
მოამზადა დავით ქუთათელაძემ