თეა წულუკიანმა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორად ნინო სალუქვაძე დანიშნა

კულტურის მინისტრის ბრძანებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე ოთხი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ სპორტის მუზეუმია.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორად ნინო სალუქვაძე წარადგინა.
როგორც თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაწყებულია მუშაობა იმისთვის, რომ სპორტის მუზეუმს შესაფერისი საგამოფენო დარბაზი ჰქონდეს და ამ პროცესს დღეიდან ლეგენდარული სპორტსმენი ნინო სალუქვაძე უხელმძღვანელებს.

„მას შემდეგ, რაც 2018 წელს სპორტის მუზეუმი ეროვნულ მუზეუმში გაერთიანდა, სპორტის ექსპონატებს მზრუნველობა არ მოჰკლებია, რაც სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებაა, მაგრამ ეს ექსპონატები დღემდე ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში ყუთებშია მოთავსებული და რეალურად სპორტის მუზეუმი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს მიზანია ქართული სპორტის გამარჯვებების ამსახველი თასები, მედლები თუ სხვა ექსპონატები იყოს არა ყუთებში, არამედ სპორტის გულშემატკივარს და თავად სპორტსმენებსაც ხელი მიუწვდებოდეთ მათზე.
„ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო ადგილი, ვინაიდან მე, როგორც სპორტსმენს, ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული ჩვენი სპორტული ოჯახის თითოეული მონაგარი, თითოეული წარმატების მნიშვნელობა და თითოეულ მედალში თუ თასში რა ოფლი თუ სისხლია ჩაღვრილი“, – განაცხადა ნინო სალუქვაძემ.
ცნობილმა ესპანელმა კალათბურთელმა ნინო სალუქვაძეს სპორტის ლეგენდა უწოდა
ნინო სალუქვაძე ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და არაერთი ტიტულის და რეკორდის მფლობელია. ის ერთადერთი ქალი სპორტსმენია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, რომელმაც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2020 წლის 19 აპრილის ბრძანებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე ჩამოყალიბდა ოთხი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ სპორტის მუზეუმია.
ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მუზეუმის მმართველი ორგანო გახდა ამ მუზეუმთა ჯგუფების დირექტორთა ოთხკაციანი საბჭო. დირექტორატის საქმიანობის კოორდინაციას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი უწევს, თუმცა ზემოხსენებული 4 მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფონდების, კოლექციებისა და საკადრო რესურსის მართვა დამოუკიდებლად შეუძლიათ.