„არც მიყვარხარ უთქვამს, არც ცოლობა უთხოვია“ – როგორ გაიცნო ნანუკა გულუამ მომავალი ქმარი

ცოტა ხნის წინ ყველასთვის საყვარელი მსახიობი გათხოვდა. ნახეთ რას ამბობს ნანუკა ქმარზე.
Sputnik
ყველასთვის საყვარელი მსახიობისა და ტელესახის ნანუკა გულუას ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. მან რამდენიმე დღის წინ რჩეულზე კახაბერ კაშიაზე იქორწინა. პირადი ცხოვრების შესახებ მან თათია შარანგიას გადაცემაში ისაუბრა. მსახიობი იხსენებს, რომ მეგობარს ესაუბრებოდა ვიდეოთვალით, რა დროსაც მან უთხრა, რომ ერთი ადამიანი უნდა გაეცნო მისთვის.

„მას უთქვამს, მაგ გოგოს გაძლება ერთი წამითაც შეუძლებელია და არ მინდაო. მაინც ჩაგვრთო ონლაინ და რომ დავინახე, ძალიან მივამსგავსე ჩემს თავს ენერგეტიკით, ღიმილით, პოზიტივით. ჩემს ადამიანად ჩავთვალე. პირველი ჩართვიდან რვა თვეში ისე გავთხოვდი, რომ არც მიყვარხარ უთქვამს, არც ცოლობა უთხოვია. რაღაც იუმორში მოხდა ეს ყველაფერი“, – გაიხსენა ნანუკა გულუამ.

მსახიობი იხსენებს, რომ როდესაც კორონავირუსი დაემართა, ეს ადამიანი ართობდა და უვლიდა, ხოლო გათხოვებამდე ბოლო რამდენიმე დღე ორივე გრძნობდა, რომ ეს ურთიერთობა უბრალოდ მეგობრობა არ იყო და რაღაც უფრო დიდში უნდა გადაზრდილიყო.

„თავის ბიძასთან წამიყვანა. ბიძამისმა გაიყვანა აივანზე და ჰკითხა, გიყვარსო? როგორც ჩანს, დადებითი პასუხი მიიღო და როცა ოთახში შემოვიდნენ, უკვე როგორც ცოლ-ქმარი, ისე დაგვლოცა. ვინერვიულე როგორც 16 წლის ბავშვი ინერვიულებდა, გაეყინებოდა ხელები, ყველაფერი დამემართა. მე რომ იმ დროს წავსულიყავი, მას ვეღარასდროს ვნახავდი და ეს იყო გაუსაძლისი ფიქრი. ეს იყო გადამწყვეტი“, – ამბობს ნანუკა.

მსახიობის თქმით, ამ გადმოსახედიდან კახა მისთვის ყველაზე განსხვავებული სიყვარულია, ყველაზე ძლიერი გრძნობაა, სხვა სიძლიერის სიყვარულია, რომელსაც ძალიან დიდი ბედნიერების შეგრძნება მოაქვს და ჰგონია, რომ ამ ადამიანის იმედი სულ შეუძლია ჰქონდეს.