„ძალიან თბილი ისტორია გვაქვს“ – ვინ არის მომღერალი, რომელსაც ლაშა ბექაური ლექსებს უძღვნის

ლაშა ბექაური ქართველ მომღერალს ლექსებს უძღვნის.
Sputnik
მომღერალი მარიამ ელიეშვილი ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის მუზა გახდა, როდესაც მას ლექსი მიუძღვნა და ნოე სულაბერიძესთან გადაცემაში წაიკითხა. მარიამი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ ლაშას ერთ-ერთ შეჯიბრებამდე მათი საერთო ფოტო ატვირთა და წარმატებები უსურვა, რამაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.

„არ ველოდი, რომ ლაშა ამ ისტორიას სატელევიზიო ეთერში მოყვებოდა. რეალურად ჩვენ ერთმანეთის გულშემატკივრები ვართ და ძალიან თბილი ისტორია გვაქვს. მე ორი-სამი წლით ვარ მასზე უფროსი. მის ოჯახსაც ვიცნობ. მამამისი მახსოვს ძალიან თბილად და აქედანაც მოვიკითხავ. ლაშა მას სთხოვდა ხოლმე, ძალიან მინდა, სცენიდან მივუძღვნა ლექსიო. სხვათა შორის, გადაცემაში რომ თქვა, ეგ სხვა ლექსია და მე რაც მომიძღვნა, ის სხვა. იმ პერიოდიდან ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ლამაზი მოგონებებით. მიხარია, რომ ჩანაფიქრი, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა, განახორციელა და მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართველ გულშემტკივარს“, – ამბობს მარიამი.

ლაშა ბექაურმა ტოკიო-2020-ზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ფინალამდე ბექაურმა ოთხ მეტოქეს მოუგო: პოლონელ პიოტრ კუჩერას, ებრაელ ლი კოჩმანს, უზბეკ დავლატ ბობონოვს და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრ მიხაილ იგოლნიკოვს.
ლაშა ბექაური საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა შორის ყველაზე უმცროსია – ის ოლიმპიადამდე ორი დღით ადრე გახდა 21 წლის. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან ოლიმპიადამდე შეძლო უფროსებში უმნიშვნელოვანესი ტიტულის მოგება – გახდა ევროპის ჩემპიონი და ტოკიოშიც ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩავიდა.