თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, იტალია 13 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე იმსჯელებს, წერს ევროპული გამოცემა EUobserver.
უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი შესაძლოა შეეხოს ასევე უკრაინის, მოლდოვის, და ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, აღნიშნული საკითხი მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევების ზრდას უკავშირდება.
„ევროკავშირის თვალსაზრისით, ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო ყოფნის და თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების შემთხვევების ზრდა აღნიშნულ სახელმწიფოებთან სავიზო რეჟიმის აღდგენას მოითხოვს“, - წერს EUobserver
ასე მაგალითად, გერმანიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომლებმაც ქვეყანაში შესვლა უვიზო რეჟიმის დახმარებით შეძლეს.
„ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა 51%-ით არის გაზრდილი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - წერს გამოცემა.
EUobserver-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ნიდერლანდებმა 2019 წელს ოფიციალურად უკვე მოითხოვეს უვიზო რეჟიმის შეჩერება, მაგრამ ევროკომისიამ მაშინ ეს წინადადება უარყო.
თბილისში არ ღელავენ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ დაამშვიდა მოსახლეობა და აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების რეალური მიზეზი არ არსებობს.
„ეს განხილვები ყოველწლიურად მიმდინარეობს და ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის პროგრესი და ის, თუ როგორ ასრულებს ესა თუ ის ქვეყანა უვიზო მიმოსვლით ნაკისრ ვალდებულებებს, ამ შემთხვევაში, საქართველოს საქმე აქვს ძალიან კარგად, ამიტომ ეს საკითხი საერთოდ არ დგას. 2019 წელს ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო მზარდი შემთხვევები თავშესაფრის მოთხოვნისა უმიზეზოდ, 2020 წელს პანდემია იყო და ეს ციფრი გასაგებია რომ შემცირდა, 2021 წელსაც ჩვენ ამ მიმართულებით არ გვაქვს ზრდა“, - განაცხადა სამხარაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებას იმის შესახებ, რომ ამ საკითხის განხილვა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. სამხარაძის თქმით, „საქართველოში ნორმალური პოლიტიკური კლიმატია“, ხოლო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს ასოცირების შეთანხმება არეგულირებს.
ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.