თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. პენტაგონს დღეისათვის არ გააჩნია გეგმები ავღანეთში ამერიკული ჯარების განმეორებით შეყვანასთან დაკავშირებით, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების შეფმა ლოიდ ოსტინმა.
ამის შესახებ მან აშშ-ის კონგრესში შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტში მიმდინარე მოსმენებისას ისაუბრა, რომელსაც პენტაგონი პირდაპირ ეთერში გადასცემდა საკუთარ საიტზე.
„ამ მომენტისთვის, პრეზიდენტის გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ გამოვედით ავღანეთიდან. ჩვენთვის არ დაუვალებიათ ავღანეთში დაბრუნების რაიმე გეგმის შემუშავება“, — აღნიშნა ოსტინმა.
გარდა ამისა, მოსმენებზე სიტყვით გამოვიდა შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილიც. მისი თქმით, რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ დღემდე არ გაუწყვეტია კავშირი „ალ ქაიდასთან“ და, შესაბამისად, კვლავაც რჩება ტერორისტულ ორგანიზაციად.
როგორც მილიმ აღნიშნა, ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებენ თუ არა თალიბები ხელისუფლების კონსოლიდაციას, თუ ავღანეთი ნაწილებად დაიშლება სამოქალაქო ომის შედეგად. ამასთან მილიმ არ გამორიცხა, რომ ტერორისტებმა კვლავ მოაწყონ ტერორისტული შეტევები ქვეყნის ტერიტორიიდან.