თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელები ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება, იუწყება აჭარის მთავრობა.
აჭარაში ნარჩენების მართვის პირველი თანამედროვე სტანდარტების ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულდა.
ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყო გაზის ექსტრაქციის სისტემა, რომლის ფარგლებში განთავსდა თბოელექტროსადგური, საიდანაც 2,0 მგვტ-მდე ელექტროენერგიის მიღება იქნება შესაძლებელი.
პროექტი სრულფასოვნად გადაჭრის ათწლეულების განმავლობაში ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებულ უკანონო და გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების პრობლემას, აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ და მისი ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს.