თაღლითობა კახეთის ღვინის ქარხნებში: დაკავებულია ხუთი პირი

გამოძიება დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ კახეთში თაღლითობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულთა ასაკი 31-დან 60 წლამდეა. ბრალდებულთაგან ოთხი ანალოგიური დანაშაულისთვის წარსულში უკვე ნასამართლევია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის ქარხნებში არსებულ მაღალი ტონაჟის სასწორებზე ფარულად დაამონტაჟეს დისტანციური წესით სამართავი მოწყობილობა და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით განახორციელეს მათ მიერვე მოძიებული, ყურძნით დატვირთული ავტომანქანების წონის ხელოვნურად გაზრდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას და ღვინის ქარხნის დათვალიერებისას კუსტარულად დამზადებული წონის მომატებისთვის საჭირო აპარატურა, სამართავი პულტი და თაღლითური გზით მოპოვებული 5 ათას ლარამდე თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.