თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 570 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებითი წყარო იქნება.
იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს მთელი საქართველოს მასშტაბით თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ.
საქართველოში პროექტი „სოფლად სახლი" 2013 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი სააგენტო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. შერჩეულ საცხოვრებელს საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა უტარდება.
სოფლად სახლის შესყიდვის მიზნით გამოყოფილი თანხის ოდენობა გაიზარდა და განსხვავებულია თითოეული ოჯახისთვის, კერძოდ: ერთ ან ორსულიანი ოჯახი, 17 ათასი ლარის ნაცვლად, 22 ათას ლარს მიიღებს. სამსულიანი ოჯახი 25 ათას ლარს (ნაცვლად 21 ათასისა), ოთხსულიანი ოჯახი 28 ათას ლარს (ნაცვლად 23 ათასი ლარისა), ხუთსულიანი ოჯახი 31 ათას ლარს (ნაცვლად 26 ათასისა), ექვსსულიანი ოჯახი 34 ათას ლარს (ნაცვლად 29 ათასისა), შვიდსულიანი ოჯახი 37 ათას ლარს (ნაცვლად 32 ათასისა), რვასულიანი ოჯახი 40 ათას ლარს (ნაცვლად 35 ათასი ლარისა), ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე ოჯახი დამატებით 3 ათას ლარს მიიღებს.
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
მომდევნო 4 წლის განმავლობაში სააგენტო 5ათასი დევნილი ოჯახისთვის გეგმავს სახლების შეძენას.