მსოფლიო დღეს

პრეზიდენტის ინიციატივა: სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვა იგეგმება

Sputnik
თბილისი 28 სექტემბერი — Sputnik. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა წამოაყენა წინადადება, აიკრძალოს ქვეყანაში ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენება, წერს გამოცემა The Guardian-ი პრეზიდენტის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით.
როგორც პრეზიდენტის პრეს-მდივანი აცხადებს, ყოველკვირეული შეხვედრისას მუნმა პრემიერ-მინისტრ კიმ ბუ კიუმს ჰკითხა:

„ხომ არ დადგა დრო, გონივრულად ვიფიქროთ ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვაზე?“

ამასთან პრეზიდენტის ოფისში ხაზს უსვამენ, რომ სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცი ადგილობრივი სამზარეულოს ნაწილია, თუმცა ეს ტრადიციული პრაქტიკა საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებასა და კრიტიკას იწვევს.
მიიჩნევა, რომ სამხრეთ კორეელები ყოველწლიურად დაახლოებით მილიონამდე ძაღლს მიირთმევენ. თუმცა ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი შემცირდა, ვინაიდან სულ უფრო მეტი ადამიანი აღიარებს ძაღლს კომპანიონად და არა საკვებად გამოსაყენებელ შინაურ ცხოველად. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერად შეინიშნება ახალგაზრდებში.
თავად პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი ძაღლების ცნობილი მოყვარულია. მას რამდენიმე ძაღლი ჰყავს რეზიდენციაში, მათ შორის ერთი ისეთი, რომელიც თავად მუნმა გადაარჩინა უკვე პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში.
აღინიშნება, რომ სამხრეთ კორეაში ცხოველთა დაცვის შესახებ კანონი ძირითადად ძაღლებისა და კატების სასტიკი მოკვდინების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ საკვებად მათ გამოყენებას არ კრძალავს.