საეკლესიო კალენდარი: 28 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 სექტემბერს ღირსი ამბა იოსებ ალავერდელის, დიდმოწამისა ნიკიტას, მოწამეთა: მაქსიმეს, თეოდოტეს და ასკლიადის, პორფირიოსის, ღირსი ფილოთეოსის, მცირე აზიელი ხუცისა ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამაინები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი
წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა.
საეკლესიო კალენდარი: 27 სექტემბერი – ჯვართამაღლება
აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.
მალე ხალხმა გაიგო წმიდა ბერის ამბავი და აქ სიარული იწყო, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. წმიდა იოსებიც დაუცხრომლად ქადაგებდა, იძლეოდა რჩევა-დარიგებებს. მისი მოუკლებელი ღვაწლით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. იმ ადამიანთაგან, რომელთაც ბერის წმიდა ცხოვრება, სიყვარული და სასწაულები იზიდავდა უდაბნოში, ბევრი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. თანდათან მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო საძმოს პირველი წინამძვარის და მოძღვარიც.
დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით ხორციელად მოუძლურებულმა წმინდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოწაფეები შეკრიბა, დაარიგა, აკურთხა, წინამძღვარი დაუდგინა და მშვიდად მიიცვალა.
მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა იოსების ცხედარი მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში.
წმიდა დიდმოწამე ნიკიტა
წმიდა დიდმოწამე ნიკიტა, გუთი მხედარი, ცხოვრობდა IV საუკუნეში, დუნაის ნაპირას. ქრისტიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში წინ აღუდგნენ წარმართი გუთები, რასაც შედეგად შინაბრძოლები მოჰყვა.
საეკლესიო კალენდარი: 26 სექტემბერი
მას შემდეგ, რაც ქრისტიანთა ლაშქრის წინამძღოლმა, ფრიტიგერნმა წარმართი ათანარიხი დაამარცხა, ბარბაროსთა შორის მაცხოვნებელი სწავლების ქადაგება სულ უფრო და უფრო მზარდი წარმატებით ხორციელდებოდა. მაგრამ ათანარიხმა დამარცხების შემდეგ შეძლო ძალების აღდგენა, სამშობლოში დაბრუნდა და კვლავ ძველებური ძლევამოსილებით შეიმოსა. ათანარიხმა შეიპყრო უფლის რჩეული და საშინელი წამების შემდეგ ცეცხლში შეაგდო. ასე დაასრულა ცხოვრება დიდმოწამე ნიკიტამ დაახლოებით 372 წელს.
წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა
წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (ასკლიპიოდოტა) IV საუკუნის დასაწყისში ეწამნენ, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას.
წმიდა მოწამე პორფირე
წმიდა მოწამე პორფირე იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამა.
ღირსი ფილოთეოს ხუცესი - მცირე აზიელი
ღირსი ფილოთეოს ხუცესი მცირე აზიის სოფელ მრავინოდან იყო. იგი სასწაულთქმედების ნიჭით იყო დაჯილდოებული ღვთისაგან. მიიცვალა არა უგვიანეს X საუკუნისა.
საეკლესიო კალენდარი : 25 სექტემბერი
აღმოყვანება ნაწილთა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა
აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა, აღესრულა იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ქრისტეს აღსარებისთვის წმიდა აკაკი საშინლად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს, საიდანაც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სახელი გაითქვა შთაგონებული ქადაგებებითა და სასწაულებით, რის შემდეგაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.