„ქართველი ლევიტანი" გარდაიცვალა: დავით სოკოლოვის საოცარი ისტორია

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ცნობილი წამყვანი დავით სოკოლოვი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ქართულ ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან ათწლეულების მანძილზე მუშაობდა. მისი ხმა კი საქართველოს ტელე- და რადიომაუწყებლობის სავიზიტო ბარათი იყო.
Sputnik
2021 წლის დასაწყისში ცნობილი ქართველი დიქტორის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – მთაწმინდის პარკში, ტელეანძასთან სოკოლოვის ვარსკვლავი გაიხსნა.
ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა. სოკოლოვი ხომ ტელევიზიაში სწორედ იმ დროს მივიდა, როდესაც მაყურებელს დიქტორები ფუნიკულიორზე არსებული სტუდიიდან ფეხზე მდგარი ესაუბრებოდნენ.
დავით სოკოლოვი
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე სოკოლოვი თავს უკვე შეუძლოდ გრძნობდა. მაშინ სოკოლოვმა განაცხადა: „ეს ვარსკვლავი კი არა, ცხოვრების გაგრძელებაა. შესანიშნავია, რომ ცხოვრობ ამ სამყაროში, რომ ხარ ამ საზოგადოების წევრი“.
„ქართველი ლევიტანი“
ქართველი ტელეწამყვანის სახელი ქართული ტელევიზიის სათავეებთან ასოცირდება. დავით სოკოლოვს დაახლოებით 35 წლის განმავლობაში მიჰყავდა პროგრამა „მოამბე“, რიგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები. ტელევიზიის პარალელურად მას გადაცემები მიჰყავდა რადიოშიც.
სოკოლოვს ქართველ ლევიტანს ეძახდნენ, რადგანაც მისი ხმა განსაკუთრებულად ჟღერდა, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტებს ტელევიზიასა და რადიოში მას ანდობდნენ.
დავით სოკოლოვი
თეატრალური ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული სოკოლოვი რადიოში 1958 წელს მივიდა. მაშინ იგი 21 წლის იყო. ერთი წლის შემდეგ კი ტელევიზიის უნიკალური სამყარო გაიცნო.
„როცა 1959 წელს ტელევიზიაში გამოვჩნდი, მაშინ საეთერო მაუწყებლობა ფუნიკულიორიდან ხორციელდებოდა, – იხსენებდა წამყვანი. – ყველანი ერთ პატარა ოთახში ვიყავით, სადაც უზარმაზარი აპარატურა იყო, იმხელა, რომ მისი ნახვა შეგაშინებდათ. მაყურებელს ფეხზე დამდგარი ველაპარაკებოდით. გადაცემები ძალიან ცოტა იყო. რადიოსა და ტელევიზიაში ერთდროულად ვმუშაობდი... ეს 35 წელი გაგრძელდა. ეს არ იყო სამსახური – ეს იყო ცხოვრება სამსახურში, კოლექტივი ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით“.
„ლაპარაკობს თბილისი, ეთერშია უკანასკნელი ცნობები!“
დავით სოკოლოვი პროფესიის ერთგული იყო ბოლომდე – ეთერში დღეში 17 საათი იყო. ერთხელ წამყვანს გადაცემა სიზმარში მიჰყავდა. ამის შესახებ სოკოლოვმა „Sputnik–საქართველოსთან" ინტერვიუში გაიხსენა.
„ერთხელ, მახსოვს, სანადიროდ ვიყავი წასული და სახლში გვიან, ასე ღამის 3 საათზე დავბრუნდი. რადიოში დილის 6 საათზე უნდა წავსულიყავი და ეთერი წამეყვანა. იცით, რა მოხდა? ღამით ცოლმა გამაღვიძა: თურმე ხმამაღლა ლაპარაკი, ანუ გადაცემის წაყვანა ძილში დავიწყე: „ლაპარაკობს თბილისი, ეთერშია უკანასკნელი ცნობები“!
დავით სოკოლოვი: “ერთხელ გადაცემის წაყვანა ძილში დავიწყე“>>>
დავით სოკოლოვს ენდობოდა ყველა – ხელმძღვანელობა, კოლეგები, მრავალრიცხოვანი აუდიტორია. მის კარიერაში იყო ერთი კურიოზი. ერთი პერიოდი სოკოლოვს სატირული გადაცემა „ოქროპირი“ მიჰყავდა, რომელშიც მაშინდელ მუქთახორებსა და ქორვაჭრებს, ნეგატიურ მოვლენებს ამხელდნენ.

„მაშინ ტელევიზიის გვერდით ერთი ღია კაფე იყო, რომელსაც ,,დეკოლტეს“ ვეძახდით. ჩვენთან ერთი ახალგაზრდა რეჟისორი მუშაობდა და, მახსოვს, ამ კაფეში დამპატიჟა და ერთ თავის ახლობელზე მთხოვა, ,,ოქროპირში“ არ გამომეცხადებინა. ანუ ჩაწყობა უნდოდა. მაშინ ტელევიზიის ხელმძღვანელი ნუგზარ ფოფხაძე გახლდათ და მის დროს ასეთი რამ გამორიცხული იყო. მაშინ იმ რეჟისორის ახლობელს უთქვამს, ჯანდაბას, გამომაცხადეთ, ოღონდ ერთს გთხოვთ – ტექსტი სოკოლოვს არ წააკითხოთო…“

დავით სოკოლოვი ხშირად ამბობდა: „ამ პროფესიის მიმართ სიყვარული თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა“. იგი სულით ხორცამდე ერთგული იყო თავისი პროფესიის... და ჩვენც ასეთი გვემახსოვრება – უკომპრომისო და სამართლიანი მაყურებლისა და საკუთარი თავის წინაშე.
ანასტასია შრაიბერი