თბილისში შინაურ ცხოველებს ცოფზე უფასოდ აცრიან

ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას უფასოდ ჩაატარებს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ყველას, ვისაც ჰყავს ძაღლი ან კატა, შეუძლიათ მათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა დედაქალაქის მასშტაბით მოქმედ ხუთ პუნქტში გაუკეთონ.
სააგენტოს სპეციალურად აღჭურვილი ავტომობილი მისამართებზე განრიგის მიხედვით მივა და ოთხფეხა პაციენტებს ერთი საათის განმავლობაში მოემსახურება.
აცრები ცოფზე და ვიტამინები – ტაილანდელი ბავშვების მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება
შინაური ცხოველების ვაქცინაცია მოხდება შემდეგ მისამართებზე: ვარკეთილი, გ. აბაშვილის N20-თან მდებარე პარკი – 10:00-11:00 სთ; ვერის ბაღი – 12:00-13:00 სთ; ბუკიას ბაღი – 14:00-15:00 სთ; მირიან მეფის N102-თან მდებარე სკვერი – 16:00-17:00 სთ; გლდანის მესამე მიკრორაიონი, მე-7 და მე-9 კორპუსებს შორის მდებარე სკვერი – 18:00-19:00 სთ.
ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ჩატარდება.
მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ სააგენტოს „ცხელ ხაზზე“ - 032 2 421 424. ამის შემდეგ ისინი შეძლებენ ცხოველების ვაქცინაციაზე მიყვანას.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია როგორც ძაღლებისა და კატებისთვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ისე ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
ღონისძიების მიზანი მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა.