თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ფარული მოსმენების საქმის გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს.
ქართველი სასულიერო პირების, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ 13 სექტემბერს გაავრცელეს.
საქართველოს პროკურატურამ ფარული მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში დახმარებისთვის აშშ-სა და სხვა ქვეყნებს გასულ კვირაში მიმართა.
მდინარაძის განცხადებით, ფარული ჩანაწერების შემცველი ფაილები არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მმართველი პარტიის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა.
„ყველასთვის გასაგებია, რომ ორ კვირაში ვერ დაიდება დასკვნა, თუ რა არის ტყუილი და მართალი, რომელია კანონიერი ან უკანონო, ვინ მოისმინა, ვინ ჩაწერა, ქვეყნის შიგნით ჩაიწერა თუ გარეთ, უამრავი კითხვაა და არც ერთზე პასუხი არ გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პასუხი ორ კვირაში ვერ იქნება, ამ თემას ახლა იყენებენ დისკრედიტაციისთვის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ფარული ჩანაწერების თემამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ფარულმა ჩანაწერებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რელიგიის განყოფილებიდან გამოჟონა. საუბარია რამდენიმე ასეულ მაღალი და დაბალი იერარქიის სასულიერო პირზე, რომელთა ფარული თვალთვალი და მიყურადება მიმდინარეობდა. ჟურნალისტების ხელში უკანონო ფარული ჩანაწერების შემცველი 50 ათასზე მეტი ფაილი მოხვდა. მასმედიის მონაცემებით, ოპოზიციურ ტელეარხებს ფარული ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.